სიახლეები
ბიპი საქართველოს წარმომადგენლები მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამის (SBDP4) ბენეფიციარების წარმატებებს გაეცნენ


2025 წლის 10 ივნისს ბიპი საქართველოსა და ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლებმა დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე სოფლებში - მუხრანი და ძალისა, მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამის IV ფაზის სამი ბენეფიციარი ქალბატონი მოინახულეს და SBDP4-ის ფარგლებში მათ მიერ მიღწეულ წარმატებას გაეცნენ.

ივნისის  ეს მზიანი დღე სასიამოვნო გამოცდილება გამოდგა, რადგან „ელკანას“ ადგილობრივ თანამშრომლებსა და bp საქართველოს წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ თავისი თვალით ენახათ,  თუ რა დადებით გავლენას ახდენს მიმდინარე პროგრამა სამიზნე თემებზე.

სამივე ბენეფიციარ ქალბატონს რამდენიმე საერთო რამ აერთიანებს: საქმის სიყვარული, განსხვავებული გზის არჩევის გამბედაობა და ახლის შესწავლისა და ბიზნესის განვითარების დაუღალავი სურვილი.


ნანა კაჭიურის სამკერვალო სახელოსნო ამჟამად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის მიმდებარე 10 სოფელს ემსახურება. მრავალფეროვანია სამკერვალოს ასორტიმენტი - აქ ყველაფერს კერავენ, ფარდებით დაწყებული, სპეცტანსაცმლითა და სკოლის მოსწავლეთა გამოსაშვები კაბებით დამთავრებული. სამკერვალო ისეთი წარმატებული და ცნობილი ბიზნესებისგან იღებს შეკვეთებს, როგორებიცაა, მაგალითად, „შატო მუხრანი“ და „იფქლი“. სხვა ბენეფიციარების მსგავსად, ნანამ SBDP-ის ფარგლებში ბიზნესის დაგეგმვის, ბუღალტერიისა და მარკეტინგის მყარი ცოდნა მიიღო და შეძლო მოგების რეინვესტირება, ბიზნესის გაფართოება და ახალი სახელოსნოს აშენება კლიენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომ, ცენტრალურ ადგილას.

 


მარიამ ტატიშვილის საწარმო „პომონას“ ხილისა და მოსავლის რომაული ქალღმერთის სახელი ჰქვია. მარიამი 24 წლისაა, მან ახლახან მიიღო აგრონომიის მაგისტრის ხარისხი და მესამე წელია წარმატებულ ჩირის ბიზნესს ხელმძღვანელობს - თავის მოწესრიგებულ და კოხტა საამქროში, რომელიც სურსათის უვნებლობის სტანდარტების მკაცრი დაცვით მუშაობს, ტრადიციულ და ჯანსაღ ქართულ ხემსს (ჩირებს, ტყლაპებს, ჩიფსებს) აწარმოებს შაქრისა და კონსერვანტების გარეშე - მისივე ბაღში მოკრეფილი ქლიავით და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები მეზობლებისგან შესყიდული პომიდვრით, მარწყვით, ტყემლით და ვაშლით. საწარმოს ასორტიმენტშია ციტრუსის, ხურმისა და კივისაგან დამზადებული ხემსიც.

SBDP-ის გრანტის მეშვეობით საშრობი აღჭურვილობის შეძენის შემდგომ „პომონა“ მნიშვნელოვნად გაფართოვდა  და საკუთარი ბრენდი შექმნა. დღეს მისი პროდუქცია იყიდება საცალო მაღაზიებში, ასევე ყველა პოპულარულ ქართულ ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე.


 


ნანა კალავიშვილმა სათბური SBDP-ის მხარდაჭერით 2022 წელს ააშენა, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი ​​სათბურის ასაშენებლად საკუთარი მოგების რეინვესტირება მოახდინა. ნანას სათბურებში სხვადასხვა სახეობის სალათის ფურცელი, კიტრი და პომიდორი მოჰყავს. ის ბოსტნეულს ადგილიდან ყიდის და ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.

ამ მეწარმეების წარმატება  შრომისმოყვარეობის, მონდომების, ბაზრის ცოდნისა და SBDP-ის მხარდაჭერის ერთობლიობით გახდა შესაძლებელი.


***

მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის IV ფაზა (SBDP4) წარმოადგენს bp-ს მიერ 2015 წლიდან ფაზებად განხორციელებული სათემო განვითარების პროგრამის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსება მოიპოვა და სწავლება გაიარა  ათასამდე დამწყებმა და მოქმედმა მეწარმემ. პროექტი მოიცავს 117 სამიზნე სოფელს და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოთხ დასახლებას ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს თხუთმეტ მუნიციპალიტეტში, რომლებიც ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარეობს.