მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენინგი მცენარეული კულტურების კონდიციური თესლეულის გამრავლება, პოპულარიზაცია, გავრცელება


2024 წლის 21 ივნისს, პროექტის - „თესლეულის ბიბლიოთეკების“ ფარგლებში, სოფელ წნისში, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა - „მარცვლეულის კიდობანში“ ჩატარდა ტრენინგი - მცენარეული კულტურების კონდიციური თესლეულის გამრავლება, პოპულარიზაცია, გავრცელება“. ტრენინგს ესწრებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასოციაციების წარმომადგენლები და „ელკანას“ წევრი ფერმერები.

პროექტი „თესლეულის ბიბლიოთეკები“ ორგანიზაცია „სემიკოვნას“ (ჩეხეთი) ეგიდით ხორციელდება. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ჩეხეთის ოფისის მიერ ფინანსდება. „თესლეულის ბიბლიოთეკების“ ისტორია 1999 წლიდან იწყება, დღემდე კი ეს ინიციატივა მრავალ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება. საქართველოში აღნიშნულ პროექტში ასოციაცია „ელკანა“ 2023 წლის ნოემბრიდან ჩაერთო.

 „თესლეულის ბიბლიოთეკის“ პროექტის იდეა გულისხმობს ბიბლიოთეკებში, მათ შორის საჯარო და სკოლის ბიბლიოთეკებში, ასევე ინდივიდუალურ მეურნეებთან თუ  ორგანიზაციებში სპეციალური სივრცის მოწყობას, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისვლა და თესლეულის გაცვლა ან „სესხება“.

„თესლეულის ბიბლიოთეკის“ პროექტის მისიაა საზოგადოებაში თესლეულის უსასყიდლოდ გავრცელება, ადამიანების მიერ მათი ადგილობრივ პირობებში გაზრდა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაზიარება. ასევე, ადგილზე მცირე ფერმერულ მეურნეობებში  წარმოებული როგორც კულტურული, ისე დეკორატიული თესლეულის გამრავლებისა და გავრცელების ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიბლიოთეკებით მეტი ადამიანის დაინტერესებაში, მოსახლეობაში ადგილობრივი კულტურებისა და თესლის წარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.