მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

საერთაშორისო კონფერენცია ორგანულ სოფლის მეურნეობასა და აგროეკოლოგიაზე

2023 წლის 23 ივნისს, „ფაბრიკის“ საკონფერენციო დარბაზში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“. კონფერენცია „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გახსნეს. სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის (FAO) რეგიონული წარმომადგენლის მოადგილემ, რაიმუნდ იელემ სპეციალურად კონფერენციისთვის ვიდეო მიმართვა გამოაგზავნა. კონფერენციას ასევე მიესალმნენ HEKS-EPER სამხრეთ კავკასიის დირექტორი ბექა ურუშაძე, დანიის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი გიორგი ჭუმბურიძე, Brot fűr die Welt წარმომადგენელი კიმ ნოელ კვიბუკა (გერმანია) და ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერი საქართველოში ქეთევან ხუციშვილი.

საერთაშორისო კონფერენციაზე განხილული იქნა ბიო/ორგანული და აგროეკოლოგიური სოფლის მეურნეობის როლი აგროსასურსათო სექტორის გაჯანსაღებასა და მის უფრო სამართლიან და ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრად სისტემად ჩამოყალიბებაში. საერთაშორისო კონფერენციის ფორმატი მოიცავდა ოთხ სესიას, სადაც, გლობალური, რეგიონული და საქართველოს რაკურსებიდან, განხილული იყო შემდეგი საკითხები:

I სესია – ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები საქართველოსა და მსოფლიოში

II სესია – ორგანული და ხარისხის სხვა ნიშნები მეთხილეობის სექტორში 

III სესია – აგროეკოლოგია და ფერმერთა უფლებები

IV სესია – ბაზარზე ხელმისაწვდომობა: პრაქტიკული მაგალითები ორგანული და აგროეკომწარმოებლებისთვის

დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა და ფერმერული გაერთიანებების წარმომადგენლებმა 12 ქვეყნიდან.

კონფერენციას ესწრებოდა 150-მდე მონაწილე - სამთავრობო, საერთაშორისო, სამოქალაქო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ორგანული და აგროეკოლოგიური მეურნეობები, ბიოწარმოებაში ჩართული კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები.

კონფერენციის პარალელურად ფერმერთა მიერ წარმოებული ადგილობრივი, ორგანული და „ელკანას“ აგროეკოლოგიური ნიშნის მქონე პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ხოლო კონფერენციის შემდეგ, მონაწილეთათვის ჩატარდა ერთ და ორდღიანი ტურები „ელკანას“ კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის საკონსერვაციო მეურნეობებში.

კონფერენციის დამფინანსებლები იყვნენ დანიის განვითარების სააგენტო (DANIDA), HEKS-EPER (შვეიცარია), Brot für die Welt (გერმანია), ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) და აგროეკოლოგიის ფონდი (Agroecology Fund). ხოლო კონფერენციას მხარს უჭერდნენ ორგანიზაციები - საერთაშორისო კოორდინაცია - გავათავისუფლოთ მრავალფეროვნება (LET’S LIBERATE DIVERSITY), ლა ვია კამპესინას ევროპული საკოორდინაციო ქსელი (ECVC) და სკოლა კამპესინა (Schola Campesina).

კონფერენციის მასალები (პრეზენტაციები და გამოსვლების ვიდეოჩანაწერი) შეგიძლიათ ნახოთ კონფერენციის ვებგვერდზე - www.conference.elkana.org.ge